Tuesday, 3 September 2013

გმირები და ანტიგმირები


საქართველოში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კომენტარებზე საპასუხოდ
გმირი ისაა, ვინც სცდება შესაძლებელის და მოსალოდნელის ფარგლებს. ჩვეულებრივ, ის ამას აკეთებს საფრთხეში მყოფი ადამიანის გადასარჩენად. გმირები სუსტების დამცველები არიან, როგორც წესი. თანამედროვე გმირის კიდევ რამოდენიმე თვისებიდან გამოვყოფდი ერთს _ სიმამაცეს. მიუხედავად შიშისა ისინი არ უშინდებიან  საჭიროებისამებრ ზომების მიღებას, მზად არიან მტკიცედ და სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება სუსტის და გაჭირვებულის დასახმარებლად ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვის გარეშე. ისინი თავდაუზოგავად და უანგაროდ გასწირავენ და საფრთხეში ჩაიგდებენ საკუთარ თავს მოყვასის სამსახურისთვის. ისინი ყოველთვის სწორად იქცევიან. მათ მტკიცედ გადაუწყვეტიათ იყვნენ პატიოსნები და თავიანთი პრინციპების ერთგულები.
ამის კითხვისას მე არ ვფიქრობ „პოლიტიკოსზე“ ან „დიქტატორზე“ რა თქმა უნდა, პირველი ფიქრი რაც მომდის ესაა „მეხანძრე“ და „პოლიციის ოფიცერი“, მაგრამ ეს ალბათ იმ პატარა გოგოს აზრებს უფრო ჰგავს, რომელიც ასეთი რწმენით აღზარდეს, რასაც სინამდვილეში ვფიქრობ, ესაა: „დედა“.
საკმაოდ უცნაურია ეს ფიქრიც, რადგან ქართველი დედის როლი ერთობ წინააღმდეგობრივია. ამის გამოკვლევა ჩემს წინა ბლოგში „ენა და ლოდინი“ ვცადე http://sarahcobham1.blogspot.co.uk/2013/03/language-and-waiting.html. ახლა კი მინდა გავიაზრო და დავფიქრდე ქართველ ქალზე ჩემი, საკუთარი, თავდაპირველი გამოცდილებით და რაც თვითონ მინახავს იმ რეალობიდან გამომდინარე. დაფასებული(უფრო მეტად თაყვანცემული) ქართული სუფრის სადღეგრძელოებში (მამაკაცთა მიერ) და ცრურწმენებითა და ორთოდოქსული იდეოლოგიით ღვთისმშობელ მარიამთან  დაკავშირებული ქართული ოჯახის სახალხოდ აღიარებული გმირი არის უბრალოდ „დედა“.
გამოცდილება ამასთან დაკავშირებით ისეთი რთული და მრავალმხრივი მაქვს, რომ მეჩვენება ჩემი ერთი ნაწილი ღალატობს კიდეც ჩემს ქართველ ქალ მეგობრებს თითქოსდა ვაკრიტიკებდე მათ. თუმცა ამ ჩემი გამოცდილების გადმოსახედიდან  იმხელა უფსკრული  ჩანს სხვადასხვა ქალის კულტურასა და პიროვნებას შორის, რომ ვითომ სხვადასხვა წარმომავლობის და ეროვნების ადამიანებზე ვწერდე. ვფიქრობ, წარმოდგენები გმირსა და გმირობებზე ერთი და იგივეა მაგრამ მოქმედებები და კონტექსტი, რომელშიც ჩნდება ეს ჰეროიკული საქციელი ორი ურთიერთ საპირისპირო, გნებავთ გამომრიცხავი პოლუსია. მარტივად რომ ვთქვათ, რაც ჩვენ ანტი-გმირულ საქციელად მიგვაჩნია, მათ ეს გმირობა ჰგონიათ.
ყველა, ვინც ქართული გვერდებიდან სტატიებსა და ბლოგებს ეცნობა თავისუფლად ამოიცნობს ქართველი დედის ქცევის მოდელს. რადგანაც სტუმრები ღვთის გამოგზავნილად მიაჩნიათ აქ, მათი ხელგაშლილობა მართლაც მოჭარბებულია. მაგრამ სტუმარი, განსაკუთრებით მდედრობითი სქესისა, მალე ხვდება, რომ მასა და მასპინძელს შორის მასპინძელისავე წარმოდგენით საიდუმლო აღარაფერი უნდა იყვეს. განსაკუთრებით „მორალის“ საკითხებთან დაკავშირებით. და ნათელი ხდება, რომ ამ „მორალთან“ ნებისმიერი შეუთანხმებელი აზრი უკვე სისაძაგლედ ან ბოროტმოქმედებად აღიქმება და უნდა დაისაჯოს, და ვის ხამს სასჯელის აღსრულება თუ არა გმირს.
ყველაზე ინტიმური სახის კითხვების კორიანტელი დგება და შეფასებებიც იქვე კეთდება. ქალის კატეგორიზაცია ხდება სრული თავდაჯერებულობით, რომ სწორედ ასეა საჭირო. როგორ ტანსაცმელს ხმარობ? რა ტიპის სახის კრემს? რა ზომას ატარებ? რა ფერის ბიუზჰალტერს? შენი მშობლები რას საქმიანობენ? რა თქვი რამდენი წლისა ვარო? ბოიფრენდი გყავს? დაქორწინებული ხომ არ ყოფილხარ? ბავშვების ყოლა შეგიძლია? ასეთი თეთრი კანი როგორა გაქვს? ეწევი? ხომ არ სვამ? რატომ არ შეჭამ? უნდა ჭამო და სვა რაც შეიძლება მეტი. უკვე გყავს ბავშვი? გათხოვილი ხარ? რომელია შენი ღმერთი? სადაა შენი ღმერთი? რა მარკის მანქანას ატარებ? ეს შენი ნამდვილი თმის ფერია? და ეს ხვეულები ბუნებრივია? კარგი გოგო ხარ თუ ცუდი? ქალიშვილი ხარ თუ ბოზი? ეს დაუსრულებლად გრძელდება. კითხვები დედების, ამ დედების ვაჟიშვილების, ძმების ძმაკაცების, დეიდების, მამიდების, ცოლების, დეიდაშვილ-ბიძაშვილების, ყველა ქორწინებით თუ ნათლობით დაკავშირებულების , ყველა მსგავსი კითხვების დასმის უფლებამოსილებით, პრეტენზიით ან საკუთარი შეხედულებით, და რაც მთავარია ყველა მასპინძლის სახელით.
ასე რომ, რა მნიშვნელობა აქვს ეს ქალი გმირის რა თვისების მატარებელია, დედაა თუ ბავშვის მომლოდინე ფეხმძიმე ქალი, მისი სახით პოტენციურ ანტიგმირთან გვაქვს საქმე.
ანტიგმირი, გნებავთ ბოროტმოქმედი ის ადამიანია ვინც დანაშაულის და ბოროტების ჩამდენია. ეს სიტყვა ინგლისურ ენაში ანგლო-ფრანგულიდან მოდის და „მდაბალი წარმოშობის“ ადამიანს ნიშნავს. თუმცა შეიძლება იფიქროთ კიდეც, რომ გმირის ბოროტმოქმედება შესაძლებელია ან ბოროტმოქმედის გმირობა. ეს აზრი განსაკუთრებით გამყარდა მას შემდეგ რაც ბანკმა კონსტანტამ პროპაგანდისტული ფილმები დააფინანსა სტალინზე ამ ბოლო დროს. თუმცაღა ეს ორმაგი ფიქრები ჩანს რომ უფრო კაცებს ეხება, ხელისუფლებაში მყოფ კაცებს. სააკაშვილი, ივანიშვილი, სტალინი, რომლის ძეგლიც აღდგება მისივე დაბადების დღეს, მისივე მშობლიურ გორში.
სად არიან ქალები ამ დროს? ჩემი გამოცდილებით აქ ქალები იმას უნდებიან, რომ კიცხავენ სხვა ქალებს, რომლებმაც ხმა აღიმაღლეს. ასეთები ქმნიან და ზრდიან ბოროტმოქმედებს, ისეთებს, რომლებიც გმირები ვერასოდეს  იქნებიან. დედები ქალიშვილებს ზრდიან ქორწინებისთვის მათი ქალწულობის გარანტიით, და თუ არ არიან, მაშინ აფინანსებენ ოპერაციებს, რომელებიც აღადგენენ ამ ქალწულობას, რათა ქორწინების ღამეს ასეთები უნდა იყვნენ. ეს ქალები ხელს უწყობენ ვაჟიშვილებს სექსი ჰქონდეთ ბოზებთან და თან უმჯობესია არა ადგილობრივებთან (დასავლელები გამოდგებიან ამისთვის) და ფულს იხდიან მათი ვაჟიშვილების პირველ სექსში, დაახლოებით 14 წლის ასაკში.  ზოგი კი საერთოდ რუსეთში მიჰყავთ პირველი სექსის გამოცდილების მოსახვეჭად. დედამთილები ამ დროს რძლების სტერილიზაციაზე ზრუნავენ შვილების გარკვეული რაოდენობის გაჩენის შემდეგ ან სულაც აბორტის გასაკეთებლად მიჰყავთ თუ სასურველი სქესის არ აღმოჩნდა პატარა. პარალელურად ისინი ისევ აგრძელებენ ხელი შეუწყონ საკუთარ ვაჟიშვილებს ბოზებში კვლავ იარონ, რძლებს კი მაშინვე განსჯიან თუ ხმას ამოიღებენ და დაიწუწუნებენ. ქართველი ქალებისთვის სექსის ერთადერთი დანიშნულება ბავშვების გაჩენაა, ამით სიამოვნების მიღება კი მისთვის უდაოდ ცუდი გოგოს სახელის მომტანი იქნება. ხშირად, ერთადერთი  პოზა, გათხოვილი ქალისათვის, რომელიც კი წარმოუდგენია მას ქმართან ურთიერთობისას, არის _ მისიონერული. ერთი ჩემი მეგობარი იმასაც კი კითხულობდა აქ ქალები შუაში გახვრეტილ ზეწარს ხომ არ ხმარობდნენ ქმართან დაწოლისას ან კიდევ ქალის მიერ სექსის დროს ხმის ამოღება მის ბოზობაზე ხომ არ მეტყველებდა.
ვიცი, რომ მწვავედ  ჟღერს, მაგრამ იმ ქვეყანაში, რომელიც უზარმაზარი ალიაქოთის მიუხედავად იბრძვის გმირის და არა ანტიგმირის სახელი დაიმკვიდროს, რატომ ფიქრობენ ქალები ასე და თან აგრძელებენ მსგავსი საძაგელი შეხედულებებით ცხოვრებას.
რა თქმა უნდა ყველა ქართველი ქალი არაა ასეთი. და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც ცხოვრობენ ქალები, რომლებიც ქალების ჩაგვრას ხელს არ უშლიან და ხმას არ იმაღლებენ მასზე. და ბევრიც, ჩემი ქართველი მეგობრებიდან თუ ნაცნობებიდან პოულობს კიდეც თავის ადგილს ქორწინებაში თუ მის გარეთ, იგივე საზოგადოებაში, მიუხედავად გიგანტური პოლიტიკური უწესრიგობისა, რომელიც მძვინვარებს ირგვლივ მომავალი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამო. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ არც ერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატის დღის წესრიგში დგას ქალთა საკითხები.
და ძველი მყარი ჩვეულებებიც ასევე რჩება, რადგან უკომპრომისო და მტკიცე თავის ჩვევაში, ქალები გვერდს უმაგრებენ მამრების პატრიარქალურ რეჟიმს, რომლიდანაც თავის დაღწევა აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩანს.
შორს წასვლაც არაა საჭირო, გავიხსენოთ ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღემ როგორ ჩაიარა საქართველოში. 10 000-ობით მომიტინგეს შორის იყვნენ ჭინჭრებით შეიარაღებული ქალები, რომლებიც იმათი დასჯით იმუქრებოდნენ, ვინც მათ ჩარჩოებში ვერ ჯდებოდა. ისინი გმირები იყვნენ?
მე ვფიქრობ, მათ ეგონათ ასე.
ყველაზე საშინელი, ელდა რამ, რაც კი მსმენია გმირების ხასიათებზე საუბრისას ამ ამბამდე ერთი წლით ადრე გავიგონე.
ვსაუბრობდით იმ ქმედებებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ხასიათს და იმაზე თუ რას ასწავლიდა მათ საქართველოს ისტორია და რა რჩევებს  იძლეოდა ის ასეთ საჩოთირო საკითხებზე. და მითხრეს, ყველაზე დიდი გმირობა რისი ჩადენაც მე შემეძლო, თუკი ჩემი შვილი გეი აღმოჩნდებოდა, იყო მისი მოკვლა. შემდეგ მამა მომკლავდა მე და ბოლოს თავსაც მოიკლავდა. აბა ამ სირცხვილით როგორ შეძლებდა ცხოვრებას?
სარა კობჰემი, 2013 წლის 30 ივლისი










No comments:

Post a Comment